სახელმწიფოს დაპყრობის შემდგომი კრიტიკული პერიოდი
იმათ, ვისაც ჰგონიათ, რომ რუსეთთან ურთიერთობების „დალაგებით“ (რის ფასად არ ვიცი) რომ იგივე შეღავათებს მიიღებენ და ისევ ისე უდარდელად იცხოვრებენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ცხოვრობდნენ, უნდა ვუთხრათ ყველამ ერთად, რომ ის ასაკიანი ადამიანები, ვისაც საბჭოთა კავშირის დროინდელი „კაი ცხოვრება“ ახსოვთ, ახსოვთ საბჭოთა კავშირის შუა და უკანასკნელი და არა პირველი წლები, ახსოვთ 60–იანი და არა 20–იან–30–იანი წლების ახალოკუპირებული საქართველო. მათ უნდა ავუხსნათ ისტორიულად თითქმის ყველა დაპყრობისთვის დამახასიათებელი ლოგიკა, რომ თითქმის ნებისმიერი ქვეყნისთვის თითქმის ყველა ისტორიულ პერიოდში დამპყრობლის ბატონობის ქვეშ ცხოვრების პირველი 20–30 წელი არის უმძიმესი და ძალიან რთული გადასატანი. დაპყრობილობის პირველ 20–30 წელში საშუალო სტატისტიკური დამპყრობელი ცდილობს, დაპყრობილ ტერიტორიაზე სრულად წაშალოს დამოუკიდებელი ცხოვრების, სახელმწიფოებრიობის ან წინა დამპყრობლისგან შემორჩენილი ნებისმიერი მემკვიდრეობა, დადებითი მეხსიერება. დაპყრობის პირველი 20–30 წელიწადი ხშირად არის გენოციდური, რადგან დამპყრობელი ცდილობს ნარჩენი წინააღმდეგობის ჩახშობას და მოწინააღმდეგეთა მოშორება–განადგურებას. ამას თან სდევს ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურების ნგრევა და ხშირად დასახლებების ნგრევაც პირდაპირი მნიშვნელობით, რათა ყველაფერი, რაც იმ დამპყრობლამდე იყო, დავიწყებას მიეცეს. ასე იყო საქართველოს გასაბჭოებისასაც. საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის სწორედ პირველი 30 წელი ხასიათდებოდა შიმშილით, მასობრივი რეპრესიებით, ნგრევით, ხოცვა–ჟლეტა, გადასახლებებით, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დარიგებითა და მოსახლეობის მასობრივი გაღარიბებით. იგივე შეიძლება, ითქვას რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსირების პერიოდზეც. 1801–დან მე–19 საუკუნის შუა ხანებამდე რუსეთის იმპერიის მმართველობის რეჟიმი საქართველოში იყო სამხედრო, შეუნიღბავად დიქტატორული, შემდეგ ის შერბილდა მე–19 საუკუნის 40–იანი წლებიდან. იგივე შეიძლება, ითქვას თუნდაც მონღოლურ დაპყრობებზეც. მე–13 საუკუნის 20–50–იან წლებში საქართველოს ხშირად მეფეც კი არ ყავდა. 50–იანი წლებიდან კი რაღაცა მაინც დასტაბილურდა: ქვეყანა დასავლეთად და აღმოსავლეთად დაიყო და ორივეს გაუჩნდა ფორმალურად მაინც მეფე და ყავდა ის სტაბილურად. უკრაინის დასავლეთ ნაწილში, რომელიც საბჭოთა კავშირმა საქართველოზე დაახლ. 20 წლით გვიან დაიპყრო, 1945 წლიდან, ანუ იმ ტერიტორიის საბოლოო დამორჩილებიდან მომდევნო 8–10 წლის განმავლობაში იქ არაფერი ხდებოდა გარდა მასობრივი დეპორტაციებისა, დახვრეტებისა, სულ რამდენიმე მილიონი ადამიანი იქნა ჯამში მოკლული ან დეპორტირებული და მხოლოდ შემდეგ, 50–იანი წლების ბოლოდან, დაუბრუნდა იქ ცხოვრება ნორმალურ რიტმს. ჩეჩნეთზეც შეგვიძლია, იგივე ვთქვათ. დღეს თუ იქ შედარებითი წესრიგია, საბჭოთა კავშირის დაშლიდან პირველი 2 ათეული წლის განმავლობაში გროზნო (ჩეჩნეთის მთავარი ქალაქი) აღგვილ იქნა პირისაგან მიწისა და შემდეგ უკვე რუსეთის ხელმძღვანელობით აღდგენილი. ეს იმისთვის, რომ დაპყრობილ ტერიტორიას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდიდან ახსოვდეს მხოლოდ ნგრევა, ხოლო შენება მხოლოდ ახალ დამპყრობელთან იყოს ასოცირებული.და მსგავსი ისტორიული წესი თითქმის ყველგან მეორდება. ასე რომ იმ ასაკობრივი კატეგორიის ხალხმა, ვისაც საქართველოში უნდა ხოლმე „რუსეთის დაბრუნება“, უნდა გაითვალისწინოს ის, რომ რუსეთის შემოსვლის შემთხვევაში ვერც ისინი და დიდი ალბათობით ვერც მათი შვილები (რომლებიც ასევე არიან უკვე საშუალო ასაკის ადამიანები) ვერ მოესწრებიან იმ „ნანატრი საბჭოთა კეთილდღეობის“ დამყარებას უბრალო ისტორიული კანონზომიერების გამო, რომლის მიხედვითაც დამპყრობელი პირველი 20–30 წლის განმავლობაში ანგრევს, არღვევს და ანადგურებს დაპყრობილ სახელმწიფოს, რათა შემდეგ მის ნანგრევებზე ააშენოს ის და ისე, როგორც მას სურს, თანაც ისე, რომ დაპყრობილი ტერიტორიის მაცხოვრებლებს დაავიწყდეთ წინათ არსებული სტრუქტურები და ახსოვდეთ მხოლოდ ის, რაც ახალმა დამპყრობელ––მებატონემ აუშენათ. ბოლოს მაინც უნდა ვთქვა და ავღნიშნო, რომ რუსეთი რეგიონში სტაბილურობის კი არა, დესტაბილიზაციისა და მუდმივი არეულობის გარანტია.
ავტორი: ესმა გუმბერიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი